ინგლისში მოქალაქეებისთვის კორონავირუსის სწრაფი ტესტის გაკეთება კვირაში ორჯერ უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი, - ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მთავრობის მიერ ინიცირებული ტესტირების პროგრამის გაფართოება 9 აპრილიდან იგეგმება. ტესტის ნაკრებების მიღება, რომლებსაც პასუხის დადგენა დაახლოებით 30 წუთში შეუძლია, საიტების, აფთიაქებისა და ფოსტის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ტესტის გაკეთებას მოქალაქეები ტესტირების ცენტრებშიც შეძლებენ.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პროგრამა, „ლოქდაუნის“ რეჟიმის შემსუბუქების ფონზე, ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
მედიის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს 12 აპრილიდან შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ განცხადებას გააკეთებს. კერძოდ, ის საცალო სავაჭრო, ღია ტიპის სამასპინძლო ბიზნეს ობიექტების და სილამაზის სალონების გახსნას დააანონსებს.