უკრაინამ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზების გაზრდისა და დონბასში უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავების გამო გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართა. "ჩვენ პარტნიორებს - გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს ვაცნობეთ დონბასში უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზების გაძლიერების შესახებ. ჩვენ ვაფასებთ მათ მხარდაჭერას და დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი მოქმედება და რუსეთზე ზეწოლის განხორციელება შეაჩერებს სამხედრო დაძაბულობას", - ნათქვამია გაეროში უკრაინის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზებას თანდათან ზრდის, რაც ქვეყნის თავდაცვით უსაფრთხოებას ემუქრება.