ნორვეგიამ „როლს როისის“ ქარხნის რუსებისთვის მიყიდვა აკრძალა. ნორვეგიას მიაჩნია, რომ „როლს როისის“ ბერგენის ქარხნის რუსეთისთვის მიყიდვას, ამ ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაზრდა შეუძლია. ბერგენის დიზელის და გაზ-დგუშიანი ძრავების მწარმოებელი ქარხნის შეძენა რუსულ „ტრანსმაშჰოლდინგს“ სურს.
ნორვეგიის მთავრობის განცხადებაში საუბარია იმაზეც, რომ „ბერგენ ენჯაინსის“ ხელთ არსებული ტექნოლოგიები და ის ძრავები, რომლებსაც მის ქარხანაში აწარმოებენ, რუსეთისთვის შესაძლოა, მნიშვნელოვან სამხედრო-სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენდეს და რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაზრდა შეუძლია.
„ბერგენ ენჯაინსი“ 1946 წელს დაარსდა. მას შემდეგ, 7 ათასზე მეტი დიდი ზომის ძრავი აქვს გამოშვებული, რომელთაგან 5 ათასზე მეტი ახლაც მწყობრშია.
„ტრანსმაშჰოლდინგმა“ ნორვეგიული კომპანიის შესყიდვის სურვილი ოფიციალურად 4 თებერვალს გამოაქვეყნა. რუსული კომპანია ირწმუნება, რომ ნორვეგიული ტექნოლოგიების ენერგეტიკის სფეროში და გემთმშენებლობაში გამოყენებას აპირებს. „ტრანსმაშჰოლდინგი“ მზად იყო, „ბერგენ ენჯაინსში“ 150 მილიონი ევრო გადაეხადა.