„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებისა, პოლიტიკურ მხარეებს შორის არცერთი შეხვედრა პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვის გარეშე არ გაიმართება. მისი თქმით, ის დესტრუქციული ნაბიჯები, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მიუთითებს, რომ დასავლეთთან ინტეგრაცია და ქვეყნის განვითარება კი არ აწუხებთ, არამედ მათ აწუხებთ ძალაუფლების შენარჩუნება და ქვეყნის ძარცვა.
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგში ეს საკითხებიცაა და მათ გარეშე შეთანხმება ვერ შედგება.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვადამდელ არჩევნებსა და ნიკა მელიასთან დაკავშირებულ პოზიციებს არც მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ფარგლებში გადახედავს.
როგორც თალაკვაძემ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ხელისუფლება არ აპირებს, საკუთარი მხარდამჭერების არჩევანი გადაყაროს და ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნას დაეთანხმოს.