ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ევროპაში ვაქცინების წარმოების გაზრდას და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებას ხელს შეუწყობენ.
"ვაქცინების წარმოების, მიწოდების და განაწილების დაჩქარება კრიზისის დაძლევის არსებით და გადაუდებელ საშუალებად რჩება. ამ მიზნით ძალისხმევა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს", - ნათქვამია ვირტუალური სამიტის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
ევროკავშირმა მოუწოდა ვაქცინების მწარმოებლებს, უზრუნველყონ ვაქცინების წარმოების პროგნოზირება და დაიცვან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის მიერ ვაქცინის ექსპორტზე კონტროლის დაწესების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და განაცხადა, რომ სამიტმა ბლოკის "გულუბრყვილობის დასასრულს" გაუსვა ხაზი.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი აღნიშნა, რომ ევროკავშირი, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, ვაქცინებით არა მხოლოდ საკუთარ თავს ამარაგებს, არამედ მსოფლიოში ექსპორტსაც ახორციელებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა ონლაინ სამიტზე კორონავირუსის პანდემიიდან გამოსავლის ერთობლივ გზებზე იმსჯელეს.