ქართული სამკერვალო „იმერი“ იტალიურ ბრენდ „მონკლერთან“ თანამშრომლობას იწყებს. როგორც კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილია, აუდიტიც გავლილია, თუმცა, პანდემიის გამო შეკვეთების მიღება ჯერ ვერ მოხერხდა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, ზაფხულიდან, მთელი რიგი საკითხები მოგვარდება და საწარმო დამატებით 80-დან 100 ადამიანამდე დაასაქმებს.
რაც შეეხება კორონავირუსის გავლენას კომპანიის საქმიანობაზე, როგორც „იმერის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი აღნიშნავს, საგადასახადო შეღავათების გარეშე, მუშაობის დაწყება რთული იქნებოდა. თუმცა, ამის დახმარებით კომპანია კვლავ სრულად დაიტვირთება.
ცნობისთვის, „იმერის“ პროდუქციის 95%-ის ექსპორტზე ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გადის. დარჩენილი 5%-ის რეალიზება კი ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სამკერვალო კომპანია „იმერი“ 1997 წლიდან თანამშრომლობს გერმანულ კომპანია "ლებეკთან", რომელიც დღემდე მისი ერთ-ერთ უმსხვილესი და უმთავრესი პარტნიორია.