თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობის, მერიის მიერ მიღებული ზომებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გამართა. ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება. თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე როგორც მონიტორინგი, ასევე, კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მომავალი კვირიდან პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოები დაიგეგმება.