შტატ ტექსასის დასავლეთის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ კორპორაცია Intel-ს კომპანია VLSI Technology-ის პატენტების დარღვევის გამო, 2 მილიარდ 180 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს. საუბარია, ორ პატენტზე.
Intel-ის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთი ტექნოლოგია მათ კომპანიაში შეიმუშავეს. VLSI Technology-ის წარმომადგენლები კი პირიქით ამტკიცებენ, რომ Intel მიზანმიმართულად არღვევდა სხვის პატენტებს.
აღნიშნულ ფედერალურ სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში შევიდა ინფორმაცია, რომ მოსამართლემ საქმეზე ვერდიქტი გამოიტანა, თუმცა, დოკუმენტზე წვდომა ჯერ არ არის ნებადართული. ადგილობრივი მედია კი წერს, რომ ეს პატენტების დარღვევის გამო ამერიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჯარიმაა.
შეგახსენებთ, რომ 1968 წელს დაარსებული კომპანია Intel-ი, აწარმოებს ელექტრონულ მოწყობილობებს და კომპიუტერების კომპონენტებს, მათ შორის, მიკროპროცესორებს.