გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, სანქციები დაუწესონ რუსეთის იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასა და პროდემოკრატიული აქტივისტების დარბევაზე არიან პასუხისმგებლები.
„მხარს ვუჭერ იმას, რომ მომზადდეს დამატებითი სანქციები, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს შეეხებათ,“- განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მაასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს რუსეთთან გარკვეული სახის დიპლომატიის შენარჩუნება სჭირდება.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნის, რომელიც რუსეთში გერმანიიდან დაბრუნდა, 2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ ე.წ. „ივ-როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალური პატიმრობით შეუცვალა და თავისუფლების 3.5 წლის ვადით აღკვეთა მიუსაჯა, რასაც რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციების დაშლის დროს სამართალდამცავებმა ათასობით ადამიანი დააკავეს.