რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინა, CoviVac-ი, დაარეგისტრირა. ვაქცინა „ჩუმაკოვის იმუნური და ბიოლოგიური პროდუქტების კვლევისა და განვითარების ფედერალური სამეცნიერო ცენტრის“ მიერაა შექმნილი. ქვეყანაში მიმდინარე კორონავირუსის ვაქცინაციის პროგრამაში ახლად დარეგისტრირებული ვაქცინის გამოყენება მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყება. რუსეთმა პირველი ვაქცინა - Sputnik V-ი- გასული წლის 11 აგვისტოს დაარეგისტრირა, მეორე, EpiVacCorona, კი - ოქტომბერში. ამასთან, რუსეთი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ვაქცინების 88 მილიონ დოზას აწარმოებს, - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გალიკოვამ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული 88 მილიონიდან 83 მილიონი დოზა Sputnik V ვაქცინა იქნება. რუსეთის ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღემდე ქვეყანაში კოვიდ 19-ის ვაქცინების 7.9 მილიონი დოზაა წარმოებული.