აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ კონგრესი შექმნის დამოუკიდებელ კომისიას, რომელიც 6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმას გამოიძიებს.
“უნდა გავიგოთ სიმართლე, თუ როგორ მოხდა ეს,“- წერს პელოსი კანონმდებლებისთვის გაგზავნილ წერილში.
მისივე თქმით, კომისია 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების გამოძიების მიზნით შექმნილი კომისიის მსგავსი იქნება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი განმარტავს, რომ კომისია შეისწავლის თავდასხმის ფაქტებსა და მიზეზებს, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესისთვის ხელის შეშლის ფაქტს და კაპიტოლიუმის პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების სხვა განყოფილებების მზადყოფნისა და რეაგირების საკითხს.
შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაამართლა და ძალადობის წახალისებაში ბრალდებულად არ ცნო, თუმცა „დემოკრატმა“ და ზოგიერთმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა მხარი დაუჭირეს კაპიტოლიუმის შენობაზე მომხდარი თავდასხმის დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას.