პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიას მიერ გირაოს არგადახდასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, თუკი ვინმე ეცდება კანონისა და კონსტიტუციის დარღვევას, კონსტიტუციასა და კანონში წერია, რა პასუხი შეიძლება გაეცეს მას სამართლებრივად - მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ოხანაშვილის თქმით, კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ ვერ დადგება.
ცნობისთვის, 5 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააფრთხილა და განმარტა, რომ თუკი ის გირაოს არ გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს. პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად დამატებით ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს იწურება.
ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.