თურქეთის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც სტამბოლის „ბოსფორის უნივერისტეტის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხება.
თურქეთის საგარეო სამინისტრო ურჩევს მათ, ვინც “ცდილობს, თურქეთს დემოკრატიის შესახებ ლექცია წაუკითხოს, სარკეში ჩაიხედონ.“ სამინისტროს განცხადებით, თურქეთში შეკრებისა და დემონსტრაციის უფლებასა და სიტყვის თავისუფლებას კონსტიტუცია იცავს.
სტამბოლის „ბოსფორის უნივერისტეტის“ სტუდენტები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ მელიჰ ბულუს რექტორად დანიშვნას თითქმის ერთი თვეა აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მისი დანიშვნა არადემოკრატიულად მოხდა.
საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე სამართალდამცავებმა ასობით ადამიანი დააკავეს.