აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულმა კვლევებმა უმნიშვნელო მტკიცებულება აჩვენეს იმისა, რომ სკოლები კოვიდ 19-ის ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა.
„მას შემდეგ რაც აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში, ისევე როგორც ზოგიერთ ქვეყანაში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, სკოლებში ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა, ძალიან მცირე მტკიცებულება არსებობს, რომ სკოლებმა საზოგადოებაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს,“ - აცხადებენ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.
ცენტრის მკვლევარები, ყურადღებას ამახვილებენ უისკონსინის სოფლის 17 სკოლაში ჩატარებულ ცდებზე, სადაც მოსწავლეები პირბადეებს ატარებენ. მათი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სკოლებში 37%-ით ნაკლები იყო ვიდრე ფართო საზოგადოებაში.
მეცნიერები აცხადებენ, რომ სკოლების დახურვამ შეიძლება გავლენა იქონიოს აკადემიურ წინსვლასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ისინი ხაზს უსვამენ, რომ ინფექციის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია პირბადეების გამოყენება, სოციალური დისტანცირება და ვენტილაცია.