არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრი ირაკლი ფანგანი გათავისუფლების შემდეგ აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მსგავს ქმედებას კვლავ გაიმეორებს. ფანგანის განცხადებით, პროტესტის ეს ფორმა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება.
შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ჩავლეიშვილს ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა.
სამართალდამცველებმა ფანგანი 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება ძალადობით დევნის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების წარდგენის შემდეგ ფანგანი გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.