გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 830 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გაერთიანებულ სამეფოში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 2 774 479 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში გასული წლის დეკემბერში კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფად გავრცელებადი შტამი აღმოაჩინეს.
ინფიცირების შემთხვევების შემცირების მიზნით ინგლისსა და შოტლანდიაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს შინიდან გასვლის უფლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აქვთ.