პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ისინი ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას აპროტესტებენ. როგორც "პალიტრანიუსთან" საუბარში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, აუცილებელია, პოლიტპატიმრებს „ამნისტიის შესახებ" კანონი შეეხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციები არ შეწყდება.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარმოდგენილი რედაქციით დაახლოებით 1000 ადამიანს შეეხება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი აცხადებს კანონპროექტი ისეა შემუშავებული, რომ ქვეყანაში კრიმინალის ზრდის მოლოდინი არ არის. სუბარის თქმით ამნისტია ძირითადად მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენ პირებს შეეხებათ.