გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეხმაურებიან. პირველი კომენტარები მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს, შემდეგ კი საკუთარი პოზიცია ბრიფინგზე გამოხატეს.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, ვაშაძე რთულ პერიოდში მივიდა პარტიაში და მას შემატა ის, „რის დეფიციტსაც მაშინ პარტია განიცდიდა“ - საერთაშორისო იმიჯი და შიდა სტაბილურობა. ის გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის.
გრიგოლ ვაშაძეს მადლობას უხდის ხატია დეკანოიძეც. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თვლის, რომ ვაშაძე პარტიასთან ერთად ურთულეს წლებში იბრძოდა, თუმცა, ცვლილებები ხდება და ყველაფერს ცივილიზებულად უნდა შევხედოთ.
სალომე სამადაშვილი კი თვლის,რომ გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა, წარმატებებს უსურვებს. რაც შეეხება ბრიფინგზე გაჟღერებულ მოსაზრებებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა და მისი განცხადების ფორმა „მოულოდნელი და აუხსნელი“ იყო. წიკლაური ამბობს, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის დიპლომატების ჩართულობით მოლაპარაკებებთან დაკავშირებთ პარტიაში იყო, თუმცა „ეს ყოველთვის ხდებოდა“.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას და ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.