,,ენგურჰესის“ რებილიტაცია 15-20 იანვრიდან დაიწყება. შესაბამისად, სწორედ იმ პერიოდიდან მოხდება ჰესის სრულად გაჩერება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ენგურჰესის“ დირექტორმა განუცხადა, რეაბილიტაცია 95-100 დღე გაგრძელდება, ფუნქციონირების განახლების ბოლო ვადა კი 10 მაისია.
გაჩერების კონკრეტული მიზეზი, სადერივაციო გვირაბის რემონტია. გვირაბის ზონა მოითხოვს ჰესის სრულ გაჩერებას. გვირაბი წყლისგან უნდა დაიცალოს, რომ იქ სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი გახდეს.
ცნობისთვის, "ენგურჰესი" საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის დაახლოებით, 30%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „ენგურჰესიდან“ მარაგდება დე ფაქტო აფხაზეთი, ჰესის მიერ წარმოებული დენის დაახლოებით 40% ოკუპირებულ ტერიტორიას მიეწოდება.
შეგახსენებთ, რომ "ენგურჰესის" გვირაბის რეაბილიტაცია სამჯერ გადაიდო. თავდაპირველად სამუშაოები - 2018 წელს, შემდეგ კი 2019 წელს, ბოლოს კი 2020 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო. თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო სამჯერვე გადაიდო.