საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში დაგეგმილ ვიზტს ეხმაურება. მინისტრის თქმით ქართულ მხარეს აქვს ამბიციური გეგმები რომ არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა, თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდეს. მისივე თქმით, ორმხრივი ურთიერთობის ყველა საკითხთან ერთად, ვიზიტისას საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსაც და იმ სიტუაციასაც, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს გარშემო და მათ შორის, საქართველოს როლზე.
ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, იმავე დოკუმენტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი გზავნილია და აღნიშნული კანონპროექტი ცხადყოფს, რომ საქართველო აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ბოლო 4 წელში საქართველოს მიმართ ფინანსური მხარდაჭერა 50 მილიონი დოლარით გაიზარდა.