საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ინფექციის გავრცელების შენელების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების აუცილებლობას, რამდენადაც პირბადე, მსოფლიოში დღემდე დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.
ამასთანავე, ხაზი გაესვა იმას, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.