არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" შეფასებით, 2016 წლის პარლამენტის არჩევნებიდან 2020 წლის არჩევნებამდე პერიოდში,“ქართული ოცნების” მიდგომები, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ უფრო ხისტი გახდა.
მათივე ინფორმაციით, ქართული მედიაგარემო პლურალისტური, მაგრამ უკიდურესად პოლარიზებულია. მედია, განსაკუთრებით კი ტელევიზია, პარტიების მიერ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად აღიქმება, შესაბამისად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირება პირდაპირ აისახება მედიაგარემოზე.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ინტერნეტის მნიშვნელობის ზრდის მიუხედავად, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში ტელევიზია წლების განმავლობაში ცალსახა ლიდერად რჩება. შესაბამისად, ქართულ მედიაგარემოში მიმდინარე პროცესებს და მთავარ გამოწვევებს თუ დავაკვირდებით, ხელისუფლებაც და სხვა პოლიტიკური ძალებიც გავლენის მოპოვებას სწორედ მედიის ამ ორ სეგმენტზე ცდილობენ.