თურქულმა კვლევითმა ხომალდმა „ფატიჰმა“ შავ ზღვაში ახალ საბადოზე ბუნებრივი აირის დამატებითი მარაგები აღმოაჩინა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, „საბადო „საკარიას“ „დუნაი1“ მონაკვეთზე დამტკიცებული რეზერვების მოცულობამ 405 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ამ საბადოზე მარაგები 320 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.
ერდოღანის აზრით, ეს აღმოჩენა შეამცირებს თურქეთის დამოკიდებულებას უცხოურ გაზზე. ამასთან, მანვე დასძინა, რომ ანკარა განაგრძობს ნახშირწყალბადის საბადოების ძიებას როგორც შავ, ასევე ხმელთაშუა ზღვაზე.
შეგახსენებთ, 21 აგვისტოს ერდოღანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მსხვილ მარაგებს მიაკვლია. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მის მიწოდებას თურქი მოსახლეობისთვის 2023 წლიდან შეძლებს. ერდოღანის განცხადებით, ხელისუფლება უახლოეს მომავალში გადაჭრის ტექნიკურ საკითხებს და დაუყოვნებლივ შეუდგება ბურღვით სამუშაოებს. შავ ზღვაში თურქეთის მიერ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 65 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.