აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების დროდ 10 ოქტომბრის 12:00 საათი განისაზღვრა. რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოსკოვში გამართული ათსაათიანი სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი განცხადება სერგეი ლავროვმა გააჟღერა. განცხადების თანახმად, ცეცხლი ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და გარდაცვლილთ ცხედრების გაცვლაა. დოკუმენტის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები ეუთოს მინსკის ჯგუფის წარმომადგენლების შუამავლობით არსებითი მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ. აქვე, მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობის მიმართ ერთგულებას. სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში ვლადიმერ პუტინის მიწვევით 9 ოქტომბერს ჩავიდნენ.