ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც გვიან ღამით უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. მათ სოფელ სანავარდოსა და კუჭატანის მიმდებარე ვენახები წითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად ხმაური იყო, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა.
შემთხვევა დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მოხდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის მსგავსად, უპილოტო საფრენი აპარატი რამდენიმე წუთის ინტერვალით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მახლობლადაც ჩამოვარდა.