გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მსოფლიო ლიდერებს მკაფიო და პრინციპული გზავნილებით მიმართა - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. მეზვრიშვილის თქმით, პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. მისივე თქმით, გლობალურ გამოწვევებზე საუბრისას, მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში კოვიდ 19 -ის პანდემიასთან ბრძოლა მოექცა და გიორგი გახარიამ გაეროს წევრ ქვეყნებს ვირუსთან ბრძოლის კუთხით საქართველოს წარმატებული მაგალითი გაუზიარა.