თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ნაწილი უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება.
ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს პირადად გაეცნო. უწყების წარმომადგენლებმა მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს. ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი სპორტული ინვენტარი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ქვედანაყოფში დამონტაჟდება.
თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული ახლადგარემონტებული ყაზარმების სველი წერტილებიც დაათვალიერა. სამინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი ყველა ბაზაზე მონტაჟდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდება.