თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის გამოკითხვა მიმდინარეობს. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი ამ წუთებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. საქმე ეხება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.
ადვოკატის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ ხდება ამ საქმეზე ადვოკატების გამოკითხვა, რადგან ისინი, როგორც დაცვის მხარის წარმომადგენლები, მოქმედებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და ფოტომასალას, რაზეც გამოძიება ამბობს, რომ ფალისიფიცირებულია, მტკიცებულებების სახე არ ჰქონია.
საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განცხადებით, ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სატელიტის ფოტომასალა წარუდგინა გამოძიებას და მოითხოვა საქმეში დართვა. შესაბამისად, პროკურორის თქმით, ისინი ამ მასალას აფასებენ როგორც წარმოდგენილ მტკიცებულებას. პროკურორის განმარტებით, დღესვე დაიკითხება მიხეილ რამიშვილიც.