თურქეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ემანუელ მაკრონმა, სატელეფონო საუბარი გამართეს. მათ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთთან ორმხრივ კავშირებსა და ანკარასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, ერდოღანმა მაკრონს განუცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს დიალოგს და თანამშრომლობას პრობლემების გადასაჭრელად. მან ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში არსებული დაძაბულობის მიზეზი „აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონში თურქეთისა და კვიპროსელი თურქების კანონიერი უფლებების უგულვებელყოფაა". მისივე თქმით, „ანკარას ყველა პრობლემის მოლაპარაკებების მაგიდასთან განხილვა და გადაწყვეტა სურს“.
„ელისეის სასახლის“ ცნობით კი მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიალოგისთვის ყოველთვის მზადაა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირსა და თურქეთს შორის მყარი ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიესალმება თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაგეგმილ საცდელ მოლაპარაკებებს და იმედი აქვს, ეს მოლაპარაკებები რეგიონში არსებულ დაძაბულობას განმუხტავს.