კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელში დღეიდან 3 -კვირიანი საყოველთაო კარანტინი იწყება. Reuters-ის ინფორმაციით, კარანტინის დაწყება ქვეყანაში ებრაული ახალი წლის დაწყებას ემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია დიდ ოჯახურ შეკრებებსა და ლოცვების ჯგუფურად ჩატარებასთან.
ახალი წესების თანახმად, ისრაელში მოქალაქეებს საკუთარი სახლებიდან 500 მეტრის რადიუსზე შორს წასვლის უფლება არ იქნებათ, გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევებში დაიშვება, თუკი მოქალაქე სამსახურში, პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ან სავარჯიშოდ მიდის. სინაგოგებში აუცილებელი ხდება სოციალური დისტანციის წესების დაცვა, შეზღუდვა წესდება სინაგოგებში მყოფი მორწმუნეების რაოდენობაზეც.
ეს პანდემიის დაწყების დროიდან, ისრაელში გამოცხადებული მეორე საყოველთაო კარანტინია.
ქვეყანაში ბოლო პერიოდში ახალი შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და ზოგიერთ დღეს 5 000-საც კი გადააჭარბა. ისრაელში სულ კორონავირუსის 176 933 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 1 169 ადამიანი.