ვირტუალურ ფორმატში გამართულ აზიის განვითარების ბანკის რიგით 53-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველმა, ივანე მაჭავარიანმა, მონაწილეობა მიიღო ბანკის მმართველთა ბიზნეს სესიაში. შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი წლის ვადით აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
როგორც ცნობილია, გასული წლის ნოემბერში, ბანკის მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. აღნიშნულ მასშტაბურ ღონისძიებაში 5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ბანკის როლზე კოვიდ -19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.