აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა - Palitra News

აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

2020-08-25 16:04:25+04:00

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლაბრაში 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება.

სოფლის გამგებლის, არუთუნ მელკონიანის ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. მასთან სასწრაფო დახმარება 23 აგვისტოს გამოიძახეს, 24 აგვისტოს კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და ის გარდაიცვალა.

მედიკოსები სოფელ ლაბრას მოსახლეობაში შემდგომი კვლევისთვის ბიომასალებს აგროვებენ. სოფელში 250 ადამიანი ცხოვრობს.

სოფლის გამგებლის ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანია ინფექციის მატარებელი, რომელიც თვითიზოლაციაშია.