სამხრეთ კორეამ სეულის უმეტეს ნაწილში კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები დააწესა , - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. „კორონავირუსის გავრცელება სეულსა და მეზობელ კიონგიდოს პროვინციაში ძალიან სერიოზულ დონეზეა და წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით შემთხვევები თითქმის გაორმაგდა,“- განაცხადა სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა ჩუნგ უი ჰვამ. ხელისუფლებამ სეულსა და კიონგიდოს პროვინციაში სოციალური დისტანცირების მე-2 დონე დააწესა, რაც ნიშნავს, რომ დახურული ტიპის საჯარო სივრცეებში 50-ზე, ქუჩებში კი -100-ზე მეტი ადამიანის შეკრებაა აკრძალული. გარდა ამისა, იკრძალება სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დასწრება, იხურება საჯარო დაწესებულებები, ასევე ის კერძო დაწესებულებები, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია. ცნობისათვის, სამხრეთ კორეაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 15 039 -მდე გაიზარდა, ვირუსს 305 ადამიანი ემსხვერპლა.