ლათინური ამერიკის ქვეყნებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. რეგიონში კოვიდ 19-ს, საერთო ჯამში, 200 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„როიტერსი“ წერს, რომ ლათინურ ამერიკაზე, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 8%-ი ცხოვრობს, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების გლობალური შემთხვევების თითქმის 30% მოდის. რეგიონში ყველაზე მეტად ბრაზილია დაზარალდა, სადაც კოვიდ 19-ის 2.73 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 94 000-ს აჭარბებს.
მექსიკა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების 439 046 და გარდაცვალების 47 746 შემთხვევაა დადასტურებული ფატალური შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზე დგას მსოფლიოში. კოვიდიფიცირებულთა რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა პერუში, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 19 000-ზე მეტია.
რაც შეეხება არგენტინას, ქვეყანაში კოვიდიფიცირებულთა რაოდენობა 201 919-ია, დაღუპულთა რიცხვმა კი 3 648-ს მიაღწია.