თბილისში, „კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა” გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტის წევრები და საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
კლინიკა, რომელიც ერთდროულად მოემსახურება 200 ბავშვსა და 250 ზრდასრულს, 8000 კვმ შენობა-ნაგებობასა და 4500 კვმ სარეკრეაციო და რეაბილიტაციისათვის განკუთვნილ ზონას მოიცავს. კენ ვოლკერის კლინიკა პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ მულტიდისციპლინურ სარეაბილიტაციო მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ კლინიკა სამედიცინო და საოფისე ინვენტარით სრულად თიბისი ლიზინგის დახმარებით აღიჭურვა.
„კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის“ მიზანი რეგიონში პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნა იყო. კენ ვოლკერის კლინიკის მშენებლობა კერძო ინვესტორმა დააფინანსა.
თბილისსა და ბათუმში პროექტის მშენებლობაში 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. თბილისში, კენ ვოლკერის კლინიკაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო მიმართულების ყველა სტრუქტურული ერთეული განთავსდება და სრული სარეაბილიტაციო კლინიკური ბაზა შეიქმნება.