ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 2-ის კონტაქტი დადგენილი არ არის და ამ დროისათვის ვირუსის წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
ეზუგბაიას განმარტებით, დანარჩენი 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 3 შემოტანილი შემთხვევაა, 5 კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია.
კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთი აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც გეგმურად შემოწმება ჩაუტარდა და ვირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.