კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ბერკეტი ეძლევა, რომლის საშუალებითაც, კომისია მის მიერ ტელეკომპანიების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას შეძლებს. პარლამენტს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინა.
კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ტელეკომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.
სპეციალურ მმართველს შეეძლება განახორციელოს ტელეკომპანიის სრული კონტროლი, მათ შორის, დანიშნოს ან გაათავისუფლოს მისი დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.
კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და ის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.