რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ რეფერენდუმზე ხმის მიცემის ძირითადი დღის დაწყებამდე მოქალაქეებს მიმართა.
„ჩვენ ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ ცვლილებებს მკაფიო სამართლებრივ ნორმებში, არამედ ჩვენ ხმას ვაძლევთ ქვეყნისთვის, რომელშიც გვინდა ვიცხოვროთ, თანამედროვე განათლებითა და ჯანდაცვით, მოქალაქეების საიმედო სოციალური დაცვით, ეფექტური ხელისუფლებით, პასუხისმგებლიანი საზოგადოებით. ჩვენ ხმას ვაძლევთ ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ვმუშაობთ და რომელიც გვსურს ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადავცეთ“, - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, მხარდაჭერის შემთხვევაში, მთავარ კანონში ცვლილებები გაამყარებს ღირებულებებსა და პრინციპებს, როგორც უმაღლეს, უპირობო კონსტიტუციურ გარანტიებს.
„სტაბილურობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ადამიანების ღირსეული ცხოვრება ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ მხოლოდ განვითარებით, მხოლოდ ერთად და მხოლოდ ჩვენ თვითონ. კონსტიტუციის განახლებული ტექსტი, ყველა შემოთავაზებული ცვლილება, ძალაში შედის მხოლოდ თქვენი თანხმობით, თქვენი მხარდაჭერით. 1-ელ ივლისს ხმის მიცემის ძირითადი დღეა. გთხოვთ ძვირფასო მეგობრებო, რომ თქვათ თქვენი სიტყვა. თითოეული თქვენგანის ხმა ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარია“, - აღნიშნა პუტინმა.
კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ჯანდაცვითი ნორმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, რუსეთში ხმის მიცემის პროცესი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და პუტინმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკვე გააკეთა არჩევანი. 1-ელ ივლისს რეფერენდუმის მთავარი დღეა.
ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში მთელი რიგი ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. როგორც ცნობილია, ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.