ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ „სამხედრო მოქმედების“ გეგმა შეწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა სამხედრო კომისიამ შეხვედრა გამართა, რომელსაც კიმ ჩენ ინი უძღვებოდა. შეხვედრის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ “არსებული სიტუაციის“ გათვალისწინებით, კომისიამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ „სამხედრო მოქმედების“ შეჩერების გადაწყეტილება მიიღო.
ცნობისათვის, ორ კორეას შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებები ჩაიშალა. ერთი კვირის წინ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვართან, ქალაქ კესონთან ერთობლივი სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა და დემილიტარიზაციის ზონაში ჯარის გაგზავნით დაიმუქრა. ფხენიანმა ამ მოქმედების მიზეზად სამხრეთ კორეელების მიერ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების საწინააღმდეგო პროკლამაციების გავრცელება დაასახელა. ორი დღის წინ კი ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ „საპასუხო სასჯელად“ 12 მილიონი პროკლამაცია დაამზადეს.