შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის კვალის დაკარგვამდე, მომხდარ კონფლიქტში შაქარაშვილის მონაწილეობის ფაქტი არ იკვეთება. როგორც ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს ხოლო ცხედრის ექსპერტიზა ამ დრომდე მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესში უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია.
სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.
მისივე განმარტებით, დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.