სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ერთი თვით გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა ძალაში 13 ივლისის 17:00 საათამდე იქნება.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა უკვე მესამედ გაახანგრძლივეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხეთში კორონავირუსის 612 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 15 281-მდე გაიზარდა.
ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 258-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა სომხეთში 173-ით, 5 639-მდე გაიზარდა.