მთავრობა მეტროს ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შესყიდვას გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 60 მილიონ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე ამ ეტაპზე მეტროს 192 ვაგონი აღირიცხება. ამ ვაგონებს ორი - ნაძალადევის და გლდანის მოქმედი ელექტროდეპოები ემსახურება.
თუმცა, ამ ორ ელექტროდეპოში დამატებითი ახალი ვაგონების ექსპლუატაციის ადგილი პრაქტიკულად არ არის. შესაბამისად, ახალი ვაგონების შეძენის პირობებში, აუცილებელი იქნება ძველი, ამორტიზებული დეპოს აღდგენა.
ამასთან, ძველი დეპოს აღდგენასთან ერთად, საჭირო იქნება საბურთალოს ხაზთან (წერეთლის სადგურთან) დამაკავშირებელი გვირაბის აღდგენაც.
ცნობისთვის, ახალი დეპოს მშენებლობის ღირებულება დაახლოებით, 10 მილიონ ევროს, ხოლო გვირაბის აღდგენა - 5 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული პროექტისთვის, მთავრობა EBRD-სგან 15 წლის ვადით, 65 მილიონ ევროს ოდენობის სესხს იღებს.