აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, რა პროდუქტი გახდა ბათუმის ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში მოქალაქეების მოწამვლის მიზეზი, სურსათის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
როგორც ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაავადებული 45 პირიდან შედარებით საყურადღებო ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. ისინი კლინიკა „მედ ემერჯენსში“ იყვნენ გადაყვანილები, თუმცა ერთდღიანი მკურნალობის შემდეგ ისევ საკარანტინო სივრცეს დაუბრუნდნენ. რაც შეეხება დანარჩენს პაციენტებს, ნიჟარაძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის იყო.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში, საკარანტინო ზონად მოწყობილ ერთ-ერთ სასტუმროში მოქალაქეების მასობრივი მოწამვლის შემთხვევა დაფიქსირდა. 45 პირს ღებინება და დიარეა აღენიშნებოდა.