აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ისიც ე. წ. ქობულეთის კლასტერიდანაა. ჯამში, მიქელაძის ინფორმაციით, აღნიშნულ კლასტერს კორონავირუსით ინფიცირების 32 შემთხვევა უკავშირდება.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, ყველა კონტაქტი და კონტაქტის კონტაქტი შესწავლილია. მთლიანობაში ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ქობულეთში 465 მოქალაქე იმყოფებოდა.
რაც შეეხება აჭარის რეგიონში სამედიცინო პერსონალის რესურსს, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, აჭარაში 60-მდე რეანიმატოლოგი და 12-მდე ინფექციონისტია, რაც მისივე შეფასებით, დიდი რესურსი არ არის და თუ სიტუაცია გასცდა გარკვეული მართვის ჩარჩოებს, „ყველა სხვა მიმართულების სპეციალისტი, რომელსაც საგანგებო სიტუაციაში აქვთ მართვის უფლება, მუშაობისთვის მზად არის“.