ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - Palitra News

ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-04-17 11:21:38+04:00

ნორვეგიის ციხეში ქართველ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყნის ციხეებში საქართველოს მოქალაქის დაინფიცირების მხოლოდ ეს ერთი ფაქტია ცნობილი.

COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა ან კარანტინის რეჟიმი, რაც თავის მხრივ ასევე ითვალისწინებს კარანტინის რეჟიმს საპატიმრო დაწესებულებებში.

სამინისტროს განმარტებით, დაინფიცირებულ ქართველ პატიმარს ნორვეგიის ციხეში სათანადო სამედიცინო მკურნალობა უტარდება. მათივე ინფორმაციით, დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები სისტემატურად აწარმოებენ საპატიმროებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის მონიტორინგს.