საქართველოს 54 მოქალაქე, რომელსაც გუშინ საქართველოსკენ გადაადგილების უფლება არ მისცეს და უკან, სტამბოლში დააბრუნეს, საქართველოში ორი ავტობუსით დაბრუნდება.
როგორც "პალიტრანიუსს" მგზავრებმა აცნობეს, ისინი ორ ნაწილად გაყვეს და თითო ავტობუსში 28 ადამიანზე მეტს არ უშვებენ. მგზავრების ინფორმაციით, ამ წუთებში სტამბოლის აქსარაის ავტოსადგურში სამედიცინო პერსონალსაც ელოდებიან, რომ ისინი ადგილზევე შეამოწმონ. მგზავრებისთვის ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ საათზე შეძლებენ ისინი საქართველოში გამომგზავრებას.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც ქვეყნის 54 მოქალაქე იმყოფება, გუშინ, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან დააბრუნეს. მათ ღამე ავტობუსში გაათენეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ტურისტულ კომპანიას პრობლემა თურქეთში დაწესებული შიდა გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე შეექმნა.