საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მარტისთვის 26 მილიარდ 520 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 45 მილიონი ლარით, ანუ 0.17%-ით მეტია პირველი თებერვლისთვის არსებულ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის ცნობით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 329 მილიონ 780 ათასი ლარით, ანუ 2.87%-ით გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 284 მილიონ 790 ათასი ლარით, ანუ 1.90%-ით შემცირდა. სებ-ის ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 38.31 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 1.63 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
ამასთან, თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.98% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.79%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.61%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში ამერიკული დოლარის წილმა 84.18%, ხოლო ევროს წილმა 14.38% შეადგინა.