ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეცა ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, ვინც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროსაბჭოს მინისტერიალის თბილისის ნაცვლად სტრასბურგში ჩატარების გადაწყვეტილებას. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიების სტრასბურგში ჩატარება არ არის უპრეცედენტო მოვლენა. ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ პოლიტიკას უნდა მისდიოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ოკუპაციასთან გასამკლავებლად, კელი დეგნანმა უპასუხა, რომ არსებობს მექანიზმი და ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. მისივე თქმით, ის, რასაც ამერიკა საქართველოსთან ერთად თავდაცვის უნარის გასაძლიერებლად აკეთებს, მნიშვნელოვანი გზავნილია რუსეთისთვის.