თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მმართველ "განვითარებისა და სამართლიანობის" პარტიის წინაშე სიტყვით წარსდგა, სადაც საბერძნეთის ხელისუფლება მიგრანტებთან დამოკიდებულების გამო მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ათენი მიგრანტებს, რომლებიც მის საზღვრებთან დახმარებას ითხოვენ, "არაჰუმანურად ექცევა".
"ჩვენი ბერძენი მეზობლები, ყველა საშუალებას იყენებენ, რომ აკრძალონ მიგრანტების შესვლა ქვეყანაში, მათ შორის ახრჩობენ ადამიანებს ზღვაში და ხვრეტენ. მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ერთ დღეს შესაძლოა, სხვების თანაგრძნობა თვითონაც დასჭირდეთ", - აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, რომ ევროკავშირმა რეალობა უნდა აღიქვას და თურქეთს დაეხმაროს.
შეგახსენებთ, თურქეთის ოფიციალურმა პირებმა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ განაცხადეს, რომ ქვეყანა სირიის დამატებით ლტოლვილთა ტალღას "ვეღარ გაუმკლავდებოდა".