ვარკეთილში პირველი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყო. თბილისის მერის განცხადებით, ცენტრის მშენებლობა დაახლოებით, 12 მილიონი ჯდება, სამშენებლო სამუშაოების დასრულება კი 2021 წლის ზაფხულში იგეგმება. მულტიფუნქციური ცენტრის სამშენებლო სივრცე 15 ათას კვ. მ ფართობს მოიცავს და პროექტის დასრულების შემდეგ, ის თვის განმავლობაში 10 000-ზე მეტ ბენეფიციარს მოემსახურება.
მულტიფუნქციურ ცენტრში განთავსდება: სპორტული დარბაზი ფეხბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის; ტანვარჯიშის დარბაზი; ასევე ტრენაჟორების სივრცე ფიტნეს-დარბაზთან ერთად; ორი საცურაო აუზი; კაფე; საკონფერენციო დარბაზი; ბოულინგისა და სამაგიდო თამაშების სივრცე; მიწისქვეშა პარკინგი და სხვა.
კომპლექსს შპს „ალიანსი“ ააშენებს. კომპანია 2020 წელს არის რეგისტრირებული, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თეიმურაზ კანკავაა. „ტენდერების მონიტორინგის“ მიხედვით, კომპანიამ 105 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 33%-ში გამარჯვებულად გამოცხადდა, 57% კი წააგო. მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 72 მილიონ 610 ათას 908 ლარს, საბაზრო ღირებულება კი 58 მილიონ 7 ათას 538 ლარს.